მრგვალი მაგიდა მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების მონიტორინგის შესახებ
2015 წლის 20 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC) მიღების დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება“ – ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამების მონიტორინგის პირველადი შედეგები და არასამთავრობო სექტორის გამოცდილება“.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის გახსნისას სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა წარადგინა ზოგადი ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და განხორციელების შესახებ. UNICEF–ის წარმომადგენელმა, პროექტის კოორდინატორმა ჯაბა ნაჭყებიამ დააფიქსირა ორგანიზაციის პოზიცია აღნიშნული ქვეპროგრამების იმპლემენტაციის შესახებ.
„სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრისგაძლიერების“ პროექტის თანამშრომელმა მარიამ ჯანიაშვილმა ისაუბრა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მონიტორინგის პირველადი შედეგების თაობაზე; მარიამ ბოჭორიშვილმა მიმოიხილარეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის მონიტორინგის პირველადი შედეგები. პროექტის კონსულტანტმა ია შეყრილაძემ წარადგინა კვლევა – „რეინტეგრირებული ოჯახების საჭიროებების შეფასება“.
მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნულ ქვეპროგრამებში ჩართული ბენეფიციარების უფლებების რეალიზაციის პრობლემებს; მათ შორის, ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან დაცვის, ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებს. ამასთანავე, განხილულ იქნა სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისების დანერგვა, მიზნობრიობა და ეფექტიანობა, შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა; წარმოდგენილ იქნა სახალხო დამცველის აპარატის ზოგადი რეკომენდაციები ზემოაღნიშნულ სფეროებში.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების ძირითადი საკანონმდებლო რეგულაციებისა და მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემების შესახებ.
„სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების“ პროექტი ხორციელდება 2015 წლის 3 ივნისიდან და მიზნად ისახავს მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამებში ჩართული ბენეფიციარების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ტიპის მონიტორინგი პირველად ხორციელდება საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში. პროექტის მიმდინარეობისას მომზადდება სპეციალური ანგარიშები და შემუშავდება რეკომენდაციები და წინადადებები.