სიახლეები

მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების მონიტორინგი სამეგრელო–ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში

2015 წლის 13–17 და 27–31 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი პროექტის „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სამეგრელო–ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების მონიტორინგი განახორციელეს.

სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში აღნიშნული ტიპის მონიტორინგი პირველად ხორციელდება და მოიცავს ბავშვის უფლებათა ისეთი ფუნდამენტური მიმართულებების განხორციელების შემოწმებას, როგორიცაა ძალადობის, ჩაგვრისა და არასწორი მოპყრობისგან დაცვა, უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური გარემო, მომსახურების რელევანტურობა, ინკლუზიურობა და გამართულობა, ინდივიდუალური მიდგომა და კონფიდენციალობის დაცვა, განათლების უფლება, მონაწილეობისა და გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.

მონიტორინგი განხორციელდა გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC), გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის „ბავშვთა ალტერნატიული მზრუნველობის შესახებ“, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტისა და ევროპის მინისტრთა საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტის ფარგლებში.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ თითოეულ შემთხვევაზე სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო ინდივიდუალური საქმისწარმოება და იგეგმება შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება პასუხსიმგებელი სახელმწიფო ორგანოების მიმართ წარსადგენად. მონიტორინგის შედეგები ასევე, აისახება პროექტის ფარგლებში მომზადებულ სპეციალურ ანგრიშებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)