სიახლეები

მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების მონიტორინგი

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის ერთ-ერთ რელევანტურ საკითხს ბავშვთა მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების მონიტორინგი წარმოადგენს, რომელიც სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში 2015 წელს პირველად ჩატარდა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.

მონიტორინგის დროს შემოწმდა მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის პროცედურების განმახორციელებელი ორგანოების მიერ აღნიშნული სერვისების შესრულება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვეციის (CRC), ევროპის მინისტრთა საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, შემდეგი მიმართულებებით: ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო პირობებისაგან დაცვა, კონფიდენციალურობა და ინდივიდუალური მიდგომა, ხარისხიანი და დროული ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, დისკრიმინაცია და არათანასწორი მოპყრობა.

მონიტორინგის თანახმად, ბენეფიციართა 25% მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვამდე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ირიცხებოდა, ხოლო 75% ბიოლოგიური ოჯახებიდან იქნა გამოყვანილი. არასრულწლოვანთა ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანის წამყვანი ფაქტორი, არის ძალადობა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა, სიღარიბე, ცხოვრების არასათანადო პირობები და უგულებელყოფა გახდა.

იმ მიზეზით, რომ რთულია ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და ამასთან, თითოეულ რეგიონს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი ყავს, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვისას არ მომხდარა წარსულში ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ნაწილის ფსიქოლოგიური საჭიროებების შეფასება და ფსიქო–ემოციური რეაბილიტაცია.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე არასრულწლოვნების 15% ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენასა და სპეციალური პედაგოგის ჩართულობას საჭიროებს.

რეინტეგრირებული ბავშვების მნიშვნელოვანი რაოდენობა სიღარიბეში ცხოვრობს; არ აქვთ სათანადო საცხოვრებელი და სასწავლო–სააღმზრდელო პირობები, საგანმანათლებლო და საყოფაცხოვრებო ნივთები; დაფიქსირდა სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევაც; მიუწვდომელია სრულფასოვანი კვება, სოციალური სერვისები და ქვეპროგრამები.

სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის ანალიზი უჩვენებს, რომ რეინტეგრირებული ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი გადაუდებელი სახელმწიფო დახმარების ქვეპროგრამაში, თუმცა, გამოკითხულ აღსაზრდელთა კანონიერი წარმომადგენლების 90% აცხადებს, რომ მიღებული შემწეობა არ არის საკმარისი ბავშვისათვის სათანადო სოციალურ–ეკონომიკური პირობებისა და სააღმზრდელო გარემოს შესაქმნელად.

ზოგადი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უფლების იმპლემენტაციის სფეროში, რეინტეგრირებული ბავშვების აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს დაწყებითი განათლების მიღების შემდგომ, პროფესიული სწავლების გაგრძელების საკითხი. გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო, ბენეფიციარების ნაწილმა ვერ შეძლო პროფესიული განათლების მიღება/გაგრძელება. რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი არ იყო დაკავშირებული შესაბამის ზოგსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულების მიზნით.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ქვეპროგრამების ეფექტიანობის ასამაღლებლად, საქართველოს მთავრობა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უნდა იყვნენ სპეციალური სახელმწიფო ქვეპროგრამების ინიციატორები, მოახდინოს მინდობით აღმზრდელ ოჯახთა სისტემური და რეგულარული გადამზადება; ყურადღება უნდა გამახვილდეს ნათესაური მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული მიმღები ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერებაზე, უნდა ამაღლდეს რეინტეგრირებული ოჯახების ინფორმირებულობის დონე ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით, ხელი შეეწყოს ქვეპროგრამაში ჩართული, ფარდობითი სიღარიბის პირობებში მცხოვრებ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრებ ბავშვთა ოჯახებს სოციალურ გაძლიერებას.

* მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მონიტორინგის შედეგები სრულად ასახული იქნება სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)