სიახლეები

არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა აჭარის რეგიონში

2014 წლის 21–26 სექტემბერს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლები, არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმების მიზნით, იმყოფებოდნენ აჭარის რეგიონში.

ვიზიტის განმავლობაში განხორციელდა ბათუმისა და ხულოს, ქედასა და შუახევის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგი, სალიბაურის, ქედისა და შუახევის სკოლა–პანსიონებში განთავსებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა. გაიმართა შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ხულოს, ქედისა და შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და საჯარო სკოლების დირექტორებთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებების ხელმძღვანელებთან და სოციალურ მუშაკებთან, საბავშვო ბაღების გაერთიანებების უფროსებთან.

მონიტორინგისა და შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში პრობლემურია ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების საკითხი, მოსწავლეთა ტრანსპორტირება და კლას–კომპლექტების ფუნქციონირება, ინკლუზიური განათლების დანერგვა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური გარემოს ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის, ასევე არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე და ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელების საკითხი.

პრობლემურ საკითხთა შორისაა საბავშვო ბაგა–ბაღების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, სანიტარულ–ჰიგიენური პირობები, ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების პრაქტიკაში განხორციელება.

აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგისა და შეხვედრების შედეგად გამოვლენილ ბავშვთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ, სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმისწარმოება და იგეგმება რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისადმი წარსადგენად.

იხილეთფოტოგალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)