სიახლეები

არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

2014 წლის 1–3 ოქტომბერს, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლები, არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.
განხორციელდა 7 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგი, ვიზიტი დაბა სტეფანწმინდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია–პანსიონში, სოფელ სნოს, გორისციხისა და დაბა–სტეფანწმინდის საჯარო სკოლებში სასწავლო და ინფრასტრუქტურული გარემოს შემოწმება. შედგა შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყაზბეგის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსსა და ცენტრის წარმომადგენლებთან, საჯარო სკოლების დირექტორებთან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის „სააღმზრდელო საგანმანათლებლო სკოლამდელი დაწესებულების ცენტრის’’ უფროსთან. განხორციელდა ვიზიტები სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში.
მონიტორინგისა და შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადი განათლების უფლების განხორციელების მხრივ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პრობლემურია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების საკითხი, პედაგოგთა კვალიფიკაცია და შესაბამისად, მათი გადამზადების საკითხი, ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელება, მოსწავლეთა ტრანსპორტირება და ადეკვატური სასწავლო ინვენტარით უზრუნველყოფა.
ამასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები არ არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. იკვეთება ინკლუზიური განათლების დანერგვისა და შესაბამისი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემები.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში პრობლემურია საბავშვო ბაგა–ბაღების ფიზიკური გარემო და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, სანიტარულ–ჰიგიენური პირობები, ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების პრაქტიკაში განხორციელება და აღმზრდელთა კვალიფიკაცია.
აღსანიშნავია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში არასრულწლოვანთათვის შეზღუდულია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა – არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, არ არის ბავშვთა ექიმი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მონიტორინგისა და შეხვედრების შედეგად გამოვლენილ ბავშვთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმისწარმოება და იგეგმება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისადმი რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)