სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

პირველ ივნისს ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს მსურს ვუთხრა, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის იქნება მათ გვერდით და მათი უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად.

საქართველოში, წლების განმავლობაში ვხვდებით ბავშვის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია მხარდამჭერი სერვისების არაეფექტიანობასთან, სახელმწიფოს დაგვიანებულ რეაგირებასთან, სოციალური და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამების ხარვეზებთან. საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ კვლავ არაერთგვაროვანია და ხშირად, ბავშვები პირისპირ რჩებიან ძალადობის წინაშე. ამ დრომდე, პასუხისმგებელი უწყებები არ ახდენენ ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტების დროულ იდენტიფიცირებას, სათანადო რეაგირებას და არასრულწლოვნების მხარდაჭერას მათი საჭიროებების შესაბამისად.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. გაიზარდა ბავშვის მიმართ ძალადობის, მათი ჯანმრთელობის, ბავშვთა სიღარიბისა და განათლების უფლების დარღვევის რისკები. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 152.000-დან 186,000-მდე გაიზარდა. ხარვეზებთან იყო დაკავშირებული დისტანციური სწავლების პროცესიც, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში და სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის. გამოწვევად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობა; 2020 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპოლატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა წლების წინ დაწყებული დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი;. დღესაც ფუნქციონირებს არაერთი რელიგიური სკოლა-პანსიონი, სადაც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მონიტორინგი არ არის სრულყოფილი და ეფექტური. განსაკუთრებით პრობლემურია ნინოწმინდაში არსებული პანსიონის მონიტორინგის საკითხი, რომელზე ფაქტობრივ ზედამხედველობას სახელმწიფო ვერ ახორციელებს. 2021 წლის 15 აპრილს და 19 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მიეცათ პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და არასრულწლოვან ბენეფიციარებთან შეხვედრის შესაძლებლობა. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების აღსრულება, რომლითაც მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

უკიდურესად მნიშნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა მეტი პასუხისმგებლობა და პროაქტიურობა გამოიჩინონ ქვეყანაში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, არასრულწლოვნების მხარდაჭერის, ბავშვთა სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო დონის, მათი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხების მიმართულებით. ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უნდა იყოს პრიორიტეტი და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ყველა ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებსა და არსებულ საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს.

ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია:

  • გადაიხედოს ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით არსებული პოლიტიკა, იმ სოციალური და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტურობა, რაც ხშირად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ბაზისურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
  • გაგრძელდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, გაძლიერდეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსით და სახელმწიფომ უზრუნველყოს დიდი ზომის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, სახალხო დამცველის, როგორც მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.
  • დროულად შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამები, აქტიურად გატარდეს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებები და პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ აღნიშნული მიმართულებით ერთმანეთთან დროული და ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)