სახალხო დამცველის განცხადება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით
2021 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე, იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან. ამასთან, ზედამხედველები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს. აღნიშნული პრაქტიკის თაობაზე, სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია, რადგან არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილსაც ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.
სახალხო დამცველის აპარატისთვის განმეორებითი ხელშეშლის ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან, უგულებელყოფს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს, რადგან ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ საკითხის გასაჯაროების შემდეგ, სახელმწიფო სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, (თითქმის ერთი წლის შემდეგ), თუმცა აღნიშნული ვერ ჩაითვლება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.
სახალხო დამცველის აპარატმა არაერთგზის, მათ შორის, კომიტეტის დროებითი ღონისძიების გამოცემის შემდგომ, მიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, თუმცა მათ არ აქვთ დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან და ამ დრომდე, არ განუხორციელებიათ ქმედითი ღონისძიებები პანსიონის ბენეფიციართა უფლებების და ინტერესების დასაცავად. სააგენტომ მხოლოდ 17 მაისს მოუწოდა პანსიონის ხელმძღვანელს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიეცა მისი საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა, რაც დაუყოვნებლივ და ქმედით რეაგირებად ვერ ჩაითვლება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან პანსიონი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობები ორჯერ შეაფასა. დაწესებულებამ ვერც ერთი შემოწმებისას ვერ წარადგინა ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. ორივე შემოწმებისას გამოვლინდა დაწესებულების მხრიდან სალიცენზიო წესების დარღვევა. დარღვევებს შორის იყო ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან, ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას.
აღნიშნული საგანგაშო მდგომარეობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიმართავს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, მიაწვდის ინფორმაციას პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და სახალხო დამცველის აპარატის მიერ წლების მანძილზე იქ არსებულ დარღვევებზე არაერთი მითითების შესახებ. ამასთან, კომუნიკაციისას სახალხო დამცველი შეაფასებს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულების ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს, მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების არაეფექტიანობას და დაგვიანებას.
ასევე, სახალხო დამცველის აპარატში დაწყებულია წარმოება საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულება და უზრუნველყოს პანსიონში დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება. ამასთან, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან, პანსიონში არსებული განგრძობით დარღვევებს მოჰყვეს პროპორციული რეაგირება, მათ შორის, გადაიხედოს დაწესებულების სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შეწყვეტის საკითხი.