სიახლეები

19 ნოემბერს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ბავშვის მიმართ ძალადობა უაღრესად მავნე გამოცდილებაა, რომელიც მოზარდის განვითარების ყველაზე დიდ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. თანამედროვე მსოფლიოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვის ფიზიკური დასჯისა თუ მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების დაძლევა და პრევენცია.

ბავშვის მიმართ ძალადობა საქართველოშიც ერთ–ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტებზე სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა გაზრდილია; განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეუერთდა „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, კვლავ დღის წესრიგშია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დროული იდენტიფიკაციის, მათი ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის, შემთხვევის ეფექტიანი გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენის საკითხი; აუცილებელია, გაძლიერდეს პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას.

სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებია გავრცელებული. მათ შორის, ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის – ბულინგის შემთხვევები, რომელიც ხორციელდება როგორც არასრულწლოვნების, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მხრიდანაც.

მნიშვნელოვანია, გატარდეს ძალადობისგან დაცვის პრევენციული ღონისძიებები იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის არიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ განთავსებული არასრულწლოვნები.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებს, უზრუნველყონ არასრულწლოვნების დაცვა ნებისმიერი სახის ძალადობისგან. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის დაძლევისა და პრევენციის საუკეთესო გზა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით კონკრეტული საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებაა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)