სიახლეები

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

სახალხო დამცველი ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს და უსურვებს მათ ღირსეულ, ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას, მათი ჭეშმარიტი ინტერესების სრული გათვალისწინებით განვითარებას.

ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით გადადგმულინაბიჯებისა, ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა უკიდურესი სიღატაკე, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული რთული მდგომარეობა, მაღალმთიანი რეგიონებში განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარება, ადრეულ ასაკში ქორწინების მზარდი ტენდენციები; ბავშვთა შრომა და მიტოვებული ბავშვები – ეს მხოლოდ ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების არასრული ჩამონათვალია.

საქართველოს სახალხო დამცველი,მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამოწმებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, მონიტორინგს ატარებს ბავშვთა ღია და დახურულ დაწესებულებებში, სწავლობს ბავშვის უფლებების დარღვევების ცალკეულ შემთხვევებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი მომავალში კიდევ მეტ ძალისხმევას მიმართავს ბავშვთა უფლებების დასაცავად და შეეცდება მაქსიმალურად გამოავლინოს უფლებადარღვევათა ფარული შემთხვევები, შეიმუშაოს და განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელს და უფლებადაცვით საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ მთავრობის მიერ ახლახანს შემუშავებულ ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში ასახული ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები დროულ რეალიზაციას ჰპოვებს და საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)