ანგარიშები

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“

წინამდებარე სპეციალური ანგარიში მიმოიხილავს 2019-2020 წლებში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას და ამ შეზღუდვით გამოწვეულ მთელ რიგ პრობლემებს. ანგარიში ასევე მიმოიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას. გადაადგილების თავისუფლება, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2019 და 2020 წლის განმავლობაში, ორივე ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული ხელოვნური ბარიერებით და სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ შეიზღუდა გადაადგილება. განსაკუთრებით ყურადსაღებია ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი. 2019 წლის 4 სექტემბრიდან, გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შედეგად, არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა გარდაცვალების ფაქტებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა იქ არსებული სავალალო მდგომარეობა.

ანგარიშში ასევე, დეტალურად არის გაანალიზებული საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პატიმართა ცემა და არასათანადო მოპყრობის საკითხები.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი და სხვადასხვა ბარიერის დაწესება, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, უკანონო დაკავებები, გადაადგილებისათვის აუცილებელ დე ფაქტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ., ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ საარსებო წყაროებზე წვდომაზე. იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ამ შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)