სიახლეები

შეხვედრა კონფლიქტით დაზარალებულ მერეთისა და შავშვების თემის მოსახლეობასთან

2017 წლის 21 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში მედეა ტურაშვილი, სამართლებრივი ექსპერტი ქეთევან ახობაძე და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელი ანა ლობჟანიძე შიდა ქართლის გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. შეხვედრა გაიმართა გორის მუნციპალიტეტის მერეთისა და შავშვების თემის სოფლების მოსახლეობასთან.

ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები ადგილობრივი თემის განვითარების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოებისა (გაზიფიცირება, გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგება) მოსახლეობა საარსებო წყაროების და ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების ნაკლებობას უჩივის.

ეს საკითხი სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიციყო აღნიშნული. სახალხო დამცველის რეკომენდაციით მიმართავს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიას (შემდგომში სამთავრობო კომისია) იმსჯელოს ისეთი აგრარული და სამეწარმეო პროექტების შესახებ, რომლებიც მორგებული იქნებოდა კონფლიქტებით დაზარალებული თემების სპეციფიკურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს ამ თემის მონიტორინგს.

ამის გარდა, საუბარი შეეხო კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა სპეციფიურ საჭიროებებს, უსაფრთხოების საკითხებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებს. შეხვედრის დროს გამოკვეთილი საკითხები აისახება სახალხო დამცველის მორიგი ანგარიშში, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს N1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციებით განსახორციელებელი 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები იქნება შეფასებული. 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წელს გამოაქვეყნა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)