შეხვედრა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან
2021 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს სევერინ შაპაზის და კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში დესპანს დანიელ მაკ სვინისს შეხვდა და ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.
ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობას ოკუპირებულ რეგიონებში განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადგილზე არ ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის გაგრძელებაზე და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე დანიელ მაკ სვინმა კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიმართულებით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. მხარეებმა, ამ პროცესში სახალხო დამცველის აპარატის როლიც განიხილეს.
ნინო ლომჯარიამ კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესში სახალხო დამცველის აპარატის მეტი ჩართულობის სურვილი გამოთქვა და ამ მიმართულებით მას საქართველოს მთავრობასთან ექნება კომუნიკაცია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ონისიმე ცხომელიძე და საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი.