სახალხო დამცველი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
2023 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში ნორბერტ რიუტშეს, კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის პროგრამის ოფიცერს ქრისტოფ შპეტს შეხვდა და ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.
ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა პრობლემებზე. ისაუბრა გადაადგილების თავისუფლების, დოკუმენტაციის მოწესრიგების, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის სავარაუდო გზებზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების ოფიცერი გიორგი კანაშვილი.