სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ეხმიანება

2019 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების თაობაზე. მის წინააღმდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. საზღვრის განზრახ, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა შეძლებისდაგვარად დაცული იყოს ჩვენი მოქალაქის უფლებები და მოხდეს მისი უსაფრთხოდ დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანი, ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, ახალგორის რაიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე. 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მსგავსი შემთხვევები, ამა თუ იმ მიზეზით წინა წლებშიც ფიქსირდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გამშვები პუნქტებით აქტიურად სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ყურადსაღები კი პაციენტების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მდგომარეობაა. სახალხო დამცველისთვის, რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი ახალგორში უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყველა ასეთ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინოდახმარებისგაწევა. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, იწვევს იქ დარჩენილი მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

გადაადგილების/მიმოსვლის თავისუფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისმხრიდან აღნიშნულ შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს, რათა დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დაიშუროს ძალისხმევა საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასევე, გამოიყენოს ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)