სიახლეები

შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან

2020 წლის 15 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველს მაქსიმ ლონგანგეს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისთვის ინფორმაციის გაზიარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.

შეხვედრისას სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე, როგორიცაა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის კუთხით არსებული ვითარება, დოკუმენტაციისა და გადაადგილების თავისუფლება, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკა. ასევე, ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარულ კრიზისი; განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით არსებული მდგომარეობა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდა სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)