სიახლეები

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია - საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე

2021 წლის 16 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში - „საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“. ანგარიშში სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხის შემოწმების შედეგებია ასახულია და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ შესწავლილი საბაკალავრო პროგრამების უმეტესობაში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ ერთი სავალდებულო საგნით ისწავლება. ამასთან, როგორც წესი, საგნის შინაარსი მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ასახული უფლებების შინაარსის შესწავლით შემოიფარგლება და ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა ანალიზი სტუდენტებს თითქმის არ მოეთხოვებათ. ამ კონტექსტმა ასევე აჩვენა, რომ პროგრამების უმეტესობაში არ ხდება ადამიანის უფლებების შედარებით-სამართლებრივ პერსპექტივაში სწავლება, აშშ-ს, ევროპისა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოთა საკონსტიტუციო/უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გამოყენებით. ამავე ჭრილში საგულისხმოა ისიც, რომ პროგრამების უმრავლესობაში, სავალდებულო კურსის ფარგლებში არ ისწავლება ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი.

ზემოხსენებულ გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა სწავლება, უმეტესწილად ქართულენოვანი და ხშირად მოძველებული ლიტერატურით ხორციელდება. აღნიშნულ პრობლემას, რეგიონული უნივერსიტეტების კონტექსტში, განსაკუთრებით ამძიმებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ლექტორთა დეფიციტი.

წინამდებარე კვლევის მიერ გამოკვეთილ გამოწვევათა მეორე მიმართულება პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სწავლების პრაქტიკული კომპონენტების ნაკლებობას უკავშირდება. ბუნებრივია, მსგავსი მიდგომა ადამიანის უფლებათა მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკისაგან მოწყვეტით სწავლებას განაპირობებს.

აღნიშნული კვლევა განხორციელდა USAID/PROLoG-ის ფინანსური დახმარებითა და ინსტიტუციური მხარდაჭერით, ასევე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ჩართულობით. კვლევის პროცესში ჩართული იყო სამართლებრივი ექსპერტი ნათია ხანთაძე. ანგარიში ეფუძნება 2020-2021 წლის პერიოდში ჩატარებულ თვისებრივ კვლევას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ინდივიდუალური, ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფის დისკუსიები (სულ 125 რესპონდენტთან). ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ მონაცემები შეგროვდა საქართველოს 9 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის საბაკალავრო პროგრამების მაგალითზე და შედეგად შემუშავდა ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული კვლევა დაეხმარება უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, რათა გააუმჯობესონ ადამიანის უფლებების სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)