ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი - 2022
წინამდებარე სპეციალური ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შეიმუშავა. ანგარიშში გაანალიზებულია 2022 წელს მომხადარი ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის საქმეები. დამატებით გაანალიზდა შესაძლო ფემიციდის მცდელობის საქმეებზე დამდგარი გამამართლებელი განაჩენები. შედეგად, ჩანს, რომ მიღწეულ პროგრესთან ერთად, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების კუთხით, არაერთი გამოწვევა რჩება.
მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ გაიზარდა ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეებზე გენდერის ნიშნის გამოკვეთის მაჩვენებელი, თუმცა, რიგ საქმეებში, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე, კვლავ პრობლემურია გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდება. კვლავ ვლინდება სასამართლო ეტაპზე რისკების არასათანადო შეფასების შემთხვევები, რამაც ვერ უზრუნველყო ძალადობის უკიდურესი ფორმის ფემიციდის პრევენცია.
2022 წელს განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა, რომ დაზარალებული ქალები მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის უკიდურესი ფორმების შემთხვევაშიც კი, უარს ამბობდნენ ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამან კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ფემიციდის მცდელობის საქმეებში მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის პრიორიტეტულად ჩართვის და დაზარალებული ქალების სათანადო ფსიქოემოციური მხარდაჭერის აუცილებლობა.
ვიმედოვნებთ, ანგარიშში წარმოდგენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.