სახალხო დამცველმა მხარდაჭერის ინსტიტუტთან დაკავშირებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ზოგადი წინადადებით მიმართა
2022 წლის 25 ოქტომბერს სახალხო დამცველმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს ზოგადი წინადადებით მიმართა და მოუწოდა უზრუნველყოს ნოტარიუსთა მხრიდან ქმედუნარიანობის კონცეფციის სწორი გააზრება და მხარდაჭერის რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული სტანდარტების შესრულება, მათ შორის, აღმოფხვრას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მოთხოვნის დისკრიმინაციული პრაქტიკა.
სახალხო დამცველს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირმა მომართა, რომელიც მიუთითებდა, რომ სანოტარო მოქმედებაში ჩართვის წინაპირობად ნოტარიუსმა მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა მოსთხოვა. ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი იმ გარემოებით ახსნა, რომ მან განმცხადებლის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობაში ეჭვი შეიტანა, რაც, თავის მხრივ, კანონმდებლობის შესაბამისად, სანოტარო მომსახურების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა. ნოტარიუსთა პალატამ გაიზიარა ნოტარიუსის ქმედება და მიიჩნია, რომ ნოტარიუსის ქცევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების დაცვის მოტივით იყო განპირობებული.
სახალხო დამცველის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ პირისთვის მხარდაჭერის მიღების საჭიროება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დგინდება, ნოტარიუსის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის მოთხოვნა, მის მიერ რეფორმის არსის არასწორ გააზრებასა და დისკრიმინაციის წამახალისებელი პრაქტიკის არსებობაზე მიუთითებს. მხარდაჭერის ინსტიტუტის სწორად გამოყენებას განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსებმა, როგორც პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, სანოტარო საქმიანობის განხორციელებისას, არ წაახალისონ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და ამით ხელი არ შეუწყონ მათ სამოქალაქო გარიგებებიდან გარიყვას.