ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

N3 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2016 წლის 23-25 მაისს და 2017 წლის 2-4 თებერვალს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ ანგარიშს.

N3 დაწესებულება პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაა,[1] რომელიც განკუთვნილია 557 პატიმრის განთავსებისთვის. 2016 წლის 23-25 მაისს განხორციელებული ვიზიტის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 158, ხოლო 2017 წლის 2-4 თებერვალს განხორციელებული ვიზიტის დროს - 30 პატიმარი.

ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალასთან ერთად გამოყენებული იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტში მონაწილე წევრების[2] ტექნიკური ანგარიშები. ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია, ასევე მონიტორინგის ჯგუფის წევრთა ანგარიშები ინახება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ანგარიში შეიცავს მონიტორინგის ჯგუფის ძირითად მიგნებებს და შედგენილია იმგვარად, რომ ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდეს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიკაცია.

გარდა ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაციისა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან დამატებით გამოითხოვა და დაამუშავა 2016 წლის სტატისტიკური მონაცემები.

ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არ მისცეს საშუალება, გაცნობოდნენ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის დაწესების შესახებ დირექტორის ბრძანებებზე თანდართულ უსაფრთხოების განყოფილების შუამდგომლობებს, რადგან, მათივე განმარტებით, შუამდგომლობებში ასახული ინფორმაცია წარმოადგენდა საიდუმლოებას. ამდენად, ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს შეეფასებინათ, რამდენად დასაბუთებული და პროპორციული იყო აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება.


[1] საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N 106 ბრძანება, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ.

[2]I ვიზიტი: სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები: ნიკა კვარაცხელია, დანიელ მგელიაშვილი, ლევან ბეგიაშვილი, მერი სამსონია, ხატია ხელაძე, მაია არჩვაძე, კახაბერ გოგაშვილი, თეიმურაზ რეხვიაშვილი, ლალი წულეისიკირი და თეა ფანჩულიძე.

II ვიზიტი: სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები: ნიკა კვარაცხელია, დანიელ მგელიაშვილი, ლევან ბეგიაშვილი, მერი სამსონია, ხატია ხელაძე, ხათუნა ბაგრატიონი, შორენა ღუდუშაური, მაია არჩვაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)