მიმდინარე კონკურსები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი (3 წევრი)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი (3 წევრი)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ორგანიზაციის მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 80

საკონტაქტო ტელ. ნომერი: (+995) 598 84 53 62 (ხატია მელაშვილი)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა:2023 წლის31 მარტი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლის 27 ოქტომბრიდან განისაზღვრა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის 33–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულ მექანიზმად.

მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში „საკონსულტაციო საბჭო“), რომელიც დაკომპლექტდა სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს საკონსულტაციო საბჭოს შემდეგი მოწვეული წევრების (3 წევრი) შესარჩევად:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის, ფიზიკური, მენტალური, სენსორული შეზღუდვის მქონე პირთა თემისა და რეგიონში მოქმედი შშმ პირთა ორგანიზაციის წარმომადგენლები;

ბ) შშმ ბავშვის ან/და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ორგანიზაციის წარმომადგენელი,

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი/წევრი;

საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრთა ფუნქცია–მოვალეობები:

მოწვეული წევრი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველს წარუდგენს მოსაზრებებს შემდეგ საკითხებზე:

  • კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ
  • კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის სტრატეგიის და პრიორიტეტების შესახებ
  • განსახორციელებელი აქტივობების გეგმის შესახებ
  • სამუშაო მეთოდოლოგიის შესახებ
  • თემატური კვლევების შესახებ
  • მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ
  • კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგისათვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე

საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც.

საბჭოს წევრობის კრიტერიუმები:

საბჭოში მოწვეული წევრი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის – სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის – ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია; სახელმწიფო ან/და თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის არარსებობა; სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელისთვის– სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საინიციატივო ჯგუფებს (7 პირის შემადგენლობით) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ombudsman.ge 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით.

თითოეულ ორგანიზაციას ან/და საინიციატივო ჯგუფს აქვს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება.

განაცხადს სასურველია თან ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კანდიდატის სფეროში საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი მასალები (მომზადებული დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები, განხორციელებული აქტივობების ანგარიში, გამოცემული პუბლიკაციები, ვიდეო ჩანაწერები, ფოტომასალა და სხვ.)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის)
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების მმართველობის ორგანოს წევრების სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა
  • სარეკომენდაციო ან/და სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება წარმოდგენილი კანდიდატის შესაბამისობა საბჭოს მოწვეული წევრისთვის დადგენილ მოთხოვნებთან და მისი კონტრიბუცია საბჭოს საქმიანობაში

საბჭოს წევრების საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის.

საბჭოში საქმიანობის ვადა – 2 წელი.

კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად, რომლის დროსაც მოხდება საბჭოს წევრების შერჩევა, კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კანდიდატის მიერ სარეკომენდაციო ან/და სამოტივაციო წერილში განვითარებულ ხედვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)