წინადადებები.

წინადადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს

2014 წლის 16 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

საქართველოს სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც ოსური და აფხაზური პასპორტების მქონე მოქალაქეებს უარი ეთქვათ სოციალური დახმარებაზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება დაიცვას კონფლიქტური რეგიონების მკვიდრი მოსახლეობის უფლებები და უზრუნველყოს მათთვის სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, საქართველოს მოქა­ლა­ქეობის დამა­დას­ტურებელი დოკუმენტის არ ქონის მიუხედავად. ამისათვის საჭიროა მომზადდეს ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებასა და 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებაში, რაც აფხაზ და ოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მიიღონ სოციალური დახმარებები აფხაზური და ოსური პასპორტებით.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის საკითხი და გამოვლინა მნიშვნელოვანი ხარვეზი. კერძოდ, აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები (ძირითადად გალის რაიონის მოსახლეობა) ხშირ შემთხვევებში, ვერ ახერხებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული უფასო ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობას. მათ, ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რაც მკურნალობის თანადაფინანსებას გულისხმობს. გალის რაიონის მოსახლეობის მძიმე სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების თანაბარ პირობებში ჩაყენება და მათთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეთავაზება არამიზანშეწონილი და არაადეკვატურია მათი პირობებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოამზადოს ცვლილებები „რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პირის მიმართ ერთგვაროვან პრაქტიკას სავალდებულო ხასიათი ჰქონდეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)