წინადადებები.

წინადადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ბრძანების პროექტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფარდებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების პროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას და ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების და პერიოდული გადაფასების სისტემის შემოღებას. ამასთან, მისასალმებელია, საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ მულტიდისციპლინური გუნდის ან/და მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების, გასაჩივრების უფლების ბრძანებით განმტკიცება.

მიუხედავად აღნიშნული პროგრესისა, სახალხო დამცველის აზრით, ბრძანების პროექტის რიგი ნორმები ბუნდოვანი და სამართლებრივი ხარვეზის მატარებელია. ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმოა ბრძანების პროექტის დანართი 2, რომელიც მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეების შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კრიტერიუმები ბუნდოვანი და არასაკმარისია, რაც მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის და პრაქტიკაში არასწორად გამოყენების საფრთხეს ქმნის. კერძოდ, დანართი 2–ში ფორმულირებული კრიტერიუმები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ საფუძველზე რისკების შეფასებისას ყურადღება ცალსახად სასჯელის სიმძიმეზე გამახვილდება.

საგულისხმოა, რომ ბრძანების პროექტით განსაზღვრული მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფისა და მულტიდიციპლინური გუნდის შემადგენლობაში ექიმი არ შედის. სახალხო დამცველის აზრით, მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანისას, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება.

ამასთან, ბრძანების პროექტი არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობას. სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნულ უფლებას არაერთი ევროპული სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობა განამტკიცებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს წინასწარ უნდა განემარტოს მისი უფლებები საშიშროების რისკის განსაზღვრისას. მაგალითისათვის, მსჯავრდებულს წინასწარ უნდა გაეცნოს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეების შეფასების კრიტერიუმები. ამასთან, წინასწარ უნდა განემარტოს საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ მულტიდისციპლინური გუნდის და გადაყვანის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება. აგრეთვე, აუცილებელია, აღნიშნული პროცედურების განხორციელების შესახებ შედგეს შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს მოაწერს მსჯავრდებული. აღნიშნული, მსჯავრდებულის მიერ მისი უფლებების ეფექტურად გამოყენების გარანტიაა და აწესებს ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს.

სახალხო დამცველის განცხადებით, წარმოდგენილი ბრძანების პროექტი ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც საშიშროების რისკების შეფასების პროცედურის გაუმართლებელი გაჭიანურების შესაძლებლობას ქმნიან.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, გამოსწორდეს ბრძანების პროექტის ხარვეზები მისი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და გამოთქვამს სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას.

იხილეთ წინადადების ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)