წინადადებები.

წინადადება პარლამენტს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე არსებულ არაეფექტურ პოლიტიკასთან დაკავშირებით

ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობების საკითხებზე არსებულ არაეფექტურ პოლიტიკასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. სახალხო დამცველი ითხოვს, განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცეს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის საშიში ტენდენციები; ამასთან, საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი და უახლოეს პერიოდში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრები პრობლემების მოგვარების კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშის მოსასმენად.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას ოჯახში ძალადობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მთავარ პრობლემას კანონმდებლობის აღსრულება წარმოადგენს.

ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია გასცდა ჩაკეტილ სივრცეს. უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე 20-ზე მეტი ქალის მკვლელობა მოხდა, რომელსაც სწორედ გენდერული უთანასწორობა ედო საფუძვლად. საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაადეკვატური გამოყენება წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცავთა რეაგირება გაფრთხილების ხელწერილით შემოიფარგლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისგან დაცვის არსებული სამართლებრივი მექანიზმები ასეთ ფორმას საერთოდ არ ითვალისწინებს და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირს რამდენიმე ხელწერილი ქონდა დაწერილი, თუმცა ძალადობა მაინც გრძელდებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას შექმნილიყო ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგია, რაც არა მხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იქნებოდა კონცენტრირებული, არამედ მაქსიმალურად მოახდენდა მსგავსი დანაშაულების პრევენციას. ასევე წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს შექმნილიყო საგანგებო სამუშაო ჯგუფი, სახალხო დამცველის აპარატისა და თემაზე მომუშავე ექსპერტების მონაწილეობით. თუმცა, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

სახალხო დამცველი თავის ანგარიშებსა თუ სპეციალურ განცხადებებში რეკომენდაციის სახით მიუთითებდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის არსებული მექანიზმების არაეფექტურობაზე და ითხოვდა მათ გაუმჯობესებას, თუმცა მრავალი რეკომენდაცია ამ დრომდე არ იქნა გათვალისწინებული შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.

„ვინაიდან, ამოვწურე ჩემს ხელთ არსებული სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობები ქალთა სიცოცხლის წარუვალი უფლების დასაცავად, მოვითხოვ, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობას წარუდგინოს ანგარიში, რა კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ისახავენ მიზნად და სად დაუშვეს შეცდომები. სწორედ ეს ანგარიში უნდა გახდეს პარლამენტის მსჯელობის საგანი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)