წინადადებები.

წინადადება პარლამენტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილ ინსტიტუციურ რეფორმას, თუმცა მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტის რიგი დებულებები საჭიროებს სრულყოფას და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. სახალხო დამცველი გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან შესწორებას, რომელთა კანონში ასახვა ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია. კერძოდ:

პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს პენიტენციალური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო–ვიდეო ტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აზრით, ამ კუთხით არსებითი ცვლილებების გატარებაა აუცილებელი. საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, პატიმრობის კოდექსში და საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს, პატიმრის სხეულზე დაზიანებების კვალის დაფიქსირების მიზნით, უნდა მიენიჭოს ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის საშუალებების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანის, გადაღებისა და აუდიო ჩაწერის უფლება. საქართველოს სახალხო დამცველისთვის პრინციპულად მნიშნველოვანია, რომ აღნიშნული წინადადება განხილულ იქნეს ამ ცვლილებებთან ერთად და პარლამენტმა იმსჯელოს საქართველოს სახალხო დამცველისთვის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

პროექტის მიხედვით, სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია უქმდება და ეს ფუნქცია დარჩება მხოლოდ ადგილობრივ საბჭოებს. სახალხო დამცველის აზრით, მხოლოდ სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმება ვერ აღმოფხვრის დღეს არსებულ პრობლემებს. მნიშვნელოვანია, კანონში პრინციპის დონეზე აღინიშნოს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და, რომ საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ზეპირი მოსმენის საფუძველზე.

შემოთავაზებული პროექტი, კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მსგავსად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრას. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, პატიმართა განთავსების საკითხებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით უმჯობესია, თუ პირველ ეტაპზე მსჯავრდებულს სასამართლო განუსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს.

საგულისხმოა, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საფუძველთა ჩამონათვალი. შესაძლებელი ხდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის 90 დღე–ღამემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. თვისობრივად ერთი და იგივე ქმედებისთვის შესაძლებელი ხდება თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში განთავსებული პატიმრებისთვის აშკარად არაპროპორციული სახდელების გამოყენება. ამასთან, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების სამართალწარმოება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. არსებული რეგულაციებით პატიმარს არ ეძლევა საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად, რაც ეწინააღმდეგება ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლს. თუ ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც სასჯელის ვადა, დარჩება პატიმრობის კოდექსში, აუცილებელია, გადაიხედოს პატიმრობის მაქსიმალური ვადა და 90 დღიდან შემცირდეს 15 დღემდე.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის წინადადებაში იდენტიფიცირებულია კანონის პროექტის სხვა პრობლემური საკითხები, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გამოსწორდეს კანონის პროექტის ხარვეზები მისი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და გამოთქვამს სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება