წინადადებები.

წინადადება მთავარ პროკურორს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება მოქალაქე დ.ფ-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა დ.ფ-მ სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს მეგობრის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დილის 5.00 საათზე შეიჭრნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, წააქციეს, ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. ამავე დროს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საწოლზე ცეცხლსასროლი იარაღი დადო და კითხვები დაუსვა იარაღთან დაკავშირებით. დ.ფ ცალსახად აცხადებს, რომ არანაირი იარაღი პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე მას არ ჰქონია.

შემდეგ, როგორც დ.ფ. აცხადებს, იგი წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება და აიძულებდნენ გაცნობის გარეშე მოწერა ხელი დოკუმენტებზე. მას შემდეგ, რაც მან დოკუმენტების შინაარსის გაცნობა მოითხოვა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული იყო, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. ამ ფაქტზე დაკავებულმა, მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი, რის გამოც, ცემეს და რამდენიმე საათის განმავლობაში იატაკზე დაგდებული დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ წამების ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პროკურატურის ორგანოებმა უნდა აწარმოონ მიუკერძოებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება ამგვარ ქმედებებში მხილებული პირების გამოსავლენად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)