წინადადებები.

წინადადება მთავარ პროკურორს გიორგი კლდიაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე

2014 წლის 30 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე.

2014 წლის 12 დეკემბერს, დეტექტივ–გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა გიორგი კლდიაშვილის პირადი ჩხრეკა და მისი ავტომანქანის ჩხრეკა. აღსანიშნავია, რომ კლდიაშვილმა წერილობითი ფორმით გამოხატა თანხმობა როგორც პირადი ჩხრეკის, ასევე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის ჩატარებაზე. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც 2014 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მფლობელს შენახვის უფლებით ქონდა რეგისტრირებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 დეკემბრის განჩინების თანახმად, გიორგი კლდიაშვილი ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181–ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს იარაღის შენახვაზე შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის მქონე მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო და კუთვნილი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა.

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 28 თებერვლის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #164 ბრძანების დანართის თანახმად, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა ხორციელდება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში არსებული იარაღი შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით.

გიორგი კლდიაშვილს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვა, თუმცა არ ჰქონდა მისი გადაადგილების დროებითი ნებართვა. შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით, ადგილი აქვს გიორგი კლდიაშვილის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181–ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გიორგი კლდიაშვილის ქმედებაში არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რაც უნდა გახდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის განხილვის და კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)