წინადადებები.

წინადადება მთავარ პროკურორს დაკავებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება მოქალაქე ბ.რ-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბრალდებულმა ბ.რ-მ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბარში განაცხადა, რომ 2014 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის რაიონის ერთ–ერთ სოფელში მეგობართან ყოფნისას დღის 12.00 საათზე შსს-ს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და ტყეში წაიყვანეს, სადაც, როგორც ბ.რ აცხადებს, პოლიციელები რამდენიმე ქურდობის ფაქტის აღიარების მიზნით, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მასზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ. მოგვიანებით ის ბაღდათის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს დაკითხვაზე, რა დროსაც გამომძიებლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული დოკუმენტების მიხედვით, ბ.რ–ს განთავსების მომენტისთვის აღენიშნებოდა: ექსკორიაციები მარჯვენა ყურზე და მუცლის მარჯვენა მხარეს, ასევე მცირე ზომის ჭრილობა ზედა ტუჩზე შიდა მხარეს. მისი განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაკავებამდე ტყეში, ბაღდათის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ცემის შედეგად. დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანებები დაფიქსირებულია ასევე, ექიმის მიერ ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შესახებ ცნობაში და ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო დოკუმენტებშიც.

წამების ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, პროკურატურის ორგანოებმა, უნდა აწარმოონ მიუკერძოებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება ამგვარ ქმედებებში მხილებული პირების გამოსავლენად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)