წინადადებები.

უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს

2015 წლის 15 და 18 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

მოქალაქე გ.ჭ. შსს კრიმინალური პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა გორში 2014 წლის 22 მაისს, 18:10 საათზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 22:30 საათზე გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. იზოლატორიდან იგი სასამართლოში წარსადგენად 23 მაისს, 12:27 საათზე გაიყვანეს. გ.ჭ. სხდომის დარბაზიდან მხოლოდ 23 მაისს, 14:35 საათზე, საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გათავისუფლდა.

მოქალაქე გ.გ. 2015 წლის 2 ოქტომბერს, 20:50 საათზე თბილისში დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 3 ოქტომბერს 02:10 საათზე შეასახლეს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც დილის 10:00 საათზე სასამართლოში გადაიყვანეს და მხოლოდ 16:07 საათზე გათავისუფლდა.

დაკავებისა და სასამართლო სხდომის ოქმების მიხედვით, გ.ჭ. ადმინისტრაციული წესით 20 საათის და 25 წუთის განმავლობაში იყო დაკავებული, გ.გ. 19 საათის და 17 წუთის განმავლობაში.

დროებითი მოთავსების იზოლატორების ადმინისტრაციებს, დაკავებულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ბადრაგირების განმახორციელებელ პოლიციელებს და სასამართლოში დაკავებულის წარმდგენ დეტექტივის თანაშემწე–გამომძიებლებს ორივე შემთხვევაში დაკავებულები უნდა გაეთავისუფლებინათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაკავების 12–საათიანი ვადის გასვლისთანავე.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)