წინადადებები.

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე

2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქისადმი შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და სხვა შესაძლო დარღვევების შესახებ.

გ.გ.-ს გადმოცემით, 2016 წლის 10 ნოემბერს, დაკავებისას და შემდგომ, „იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, პოლიციის თანამშრომლები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულ გარემოებას მასთან ერთად დაკავებული სხვა პირებიც ადასტურებენ.

დაკავების ოქმის ჩანაწერით, გ.გ.-ს დაკავების დროს სხეულზე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლოდროებით მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, იზოლატორში შესახლების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით,იზოლატორში ყოფნის პერიოდში, გ.გ.-ს ოთხჯერ დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა.

გ.გ-ს და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირების განმარტებით, გ.გ. დააკავეს 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხოლო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ დოკუმენტებში ბრალდებულის დაკავების დროდ მითითებულია 11 ნოემბერი, 01:15 საათი. გარდა ამისა, ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, დაკავებულის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროდ დაფიქსირებულია 10 ნოემბერი, 20:40 საათი. აღნიშნული გარემოებები პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გ.გ.-ს დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ვარაუდს ბადებს, რაც გამოძიების ფარგლებში უნდა იქნეს შესწავლილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)