წინადადებები.

სახალხო დამცველმა ს.ს. „საქართველოს ბანკს“ დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ს.ს. „საქართველოს ბანკს“ დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა.

რეკომენდაცია ეხება საქართველოს ბანკის რეკლამას, სადაც კაცი გაიგივებულია ბანკომატთან, ხოლო ქალი რეკლამის შინაარსიდან გამომდინარე მატერიალურად დამოკიდებულია კაცზე. რეკლამის სახელწოდება „ქმარკომატი“, ბანკომატიდან მომდინარეობს; ბანკომატი კი საზოგადოებაში სწორედ არსებული ფინანსების გამარტივებული გზით მიღების საშუალებაა.

სახალხო დამცველმა აღნიშნული რეკლამა მიიჩნია სექსისტური ხასიათის მატარებლად, რომელიც ამკვიდრებს გენდერულ სტერეოტიპს. ამგვარი სტერეოტიპების დამკვიდრება კი ხელს უწყობს ერთ-ერთი სქესის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაღრმავებას, პოპულარიზაციას უწევს საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი სქესის საზიანოდ ჩამოყალიბებულ გენდერულ სტერეოტიპებს, აადვილებს მათ გადაცემას. მსგავსი რეკლამა წარმოადგენს დისკრიმინაციის ხელშემწყობ საშუალებას და ამართლებს დისკრიმინაციულ პრაქტიკას.

იმის გათვალისწინებით, რომ სარეკლამო რგოლებს შეუძლია ითამაშოს პოზიტიური როლი სტერეტოპების დასამსხვრევად და ხელი შეუწყოს საქართველოში გენდერული თანასწორობის გაზრდას, ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, სახალხო დამცველმა მოუწოდა სს „საქართველოს ბანკს“, რომელიც მაღალი რეიტინგით სარგებლობს საზოგადოებაში, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ხასიათის სექსისტური შინაარსის შემცველი სარეკლამო რგოლების დამზადება–გავრცელებისგან და სარეკლამო რგოლების მომზადების დროს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქალის ღირსებისადმი პატივისცემას და მის წარმოჩენას მამაკაცის თანასწორად.

სახალხო დამცველს ასევე მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია სს „საქართველოს ბანკში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებისა და სარეკლამო რგოლებზე პასუხისმგებელი პირებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ ტრეინინგების ჩატარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)