წინადადებები.

სახალხო დამცველი პროკურატურისგან ყოფილი პოლიციელების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიებას ითხოვს

2015 წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს დაუყოვნებლივ დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება მსჯავრდებულ ლ.შ–ს მიერ გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე მიიღოს ყველა საჭირო ზომა მსჯავრდებულის უსაფრთხოების დასაცავად.

საქართველოს სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა მსჯავრდებულმა ლ.შ.-მ, სადაც აცხადებდა, რომ იგი 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდგომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ირაკლი ფირცხალავასთან და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს.

ლ.შ. აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე, უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.

ირაკლი ფირცხალავა ლ.შ.-ს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშეუხებლობას დაპირდა. ლ.შ. აცხადებს, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა და შეთავაზებულ თანამშრომლობას დათანხმდა.

დავალების მიხედვით, ლ.შ.-ს მკვლელობა მაღაზიაში, ყაჩაღობის სცენარით უნდა ჩაედინა, რის შემდეგაც დააკავებდნენ, თუმცა ციხეში არაფერი მოაკლდებოდა, მათ შორის ნარკოტიკები.

როგორც ლ.შ. აცხადებს, ამ საუბრის შემდეგ იგი სამი დღე დადიოდა საბურთალოზე, თითქოსდა ზურა ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. შემდეგ გარკვეული დროით ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში წავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და გიორგი ხიზანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ზემოხსენებული საქმეების განხილვის დრო არ იყო, ცოტაც მოეთმინა და შემდეგ გააგრძელებდნენ მუშაობას.

ლ.შ.–მ კვლავ დატოვა მცირე ხნით საქართველო, ხოლო დაბრუნების შემდეგ დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის მას შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

როგორც ლ.შ. განმარტავს, აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებდა იმ დროს მოქმედი რეჟიმის გამო, ხოლო ამჟამად ითხოვს შესაბამის რეაგირებას და როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის მზადყოფნას გამოთქვამს.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)