წინადადებები.

სახალხო დამცველმა ივერი მელაშვილისთვის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა

სახალხო დამცველი მიესალმება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ ისინი სრულად ისარგებლებენ დაცვის უფლებით სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ბრალდების საქმის მასალების შესწავლას და ბრალდებული პირების საპროცესო უფლებების დაცვის ზედამხედველობას.

აღნიშნულის ფარგლებში, სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა და 2021 წლის 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ შედგენილი ოქმებით, N8 დაწესებულებიდან მოპოვებული დოკუმენტაციისა და სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია კლიენტის ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, იგი დაცვის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედია. ადვოკატისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის შინაარსობრივ გაცნობას სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პრივილეგიით სარგებლობა ბოროტად, დანაშაულებრივი მიზნით, ან ციხის რეჟიმის საზიანოდ ხდება. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა მსგავსი ვარაუდის რაიმე საფუძველი, რის გამოც დაწესებულება ივერი მელაშვილის ჩანაწერებს შინაარსობრივად არ უნდა გაცნობოდა.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებამ დაარღვია ივერი მელაშვილის კანონმდებლობით დაცული უფლება ადვოკატთან კონფიდენციალურ კომუნიკაციაზე და აღნიშნული ქმედების განმახორციელებელ პირთა დისციპლინური წესით პასუხისმგებლობა მოითხოვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)