წინადადებები.

საქართველოს სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა

2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაცია) შემთხვევაში მისი მეუღლის/პარტნიორის თანხმობა არ არის სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო წინაპირობა.

2017 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართა კავშირი ,,საფარმა“, რომლის განმარტებით, ქალებისთვის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაცია) პროცედურის ჩასატარებლად სამედიცინო დაწესებულებები ითხოვენ მეუღლის/პარტნიორის წერილობით თანხმობას, რაც წარმოადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციულ მიდგომას.

სამინისტროს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად ქმრის ან არარეგისტრირებული პარტნიორის თანხმობა არ არის საჭირო. თუმცა, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 21 მარტის N366/ო ბრძანებით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია - „ოჯახის დაგეგმვა“ ითვალისწინებს სტერილიზაციის სოციალურ ჩვენებებს, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით და ძირითადად დამყარებულია ქალის სურვილზე, პარტნიორის თანხმობის გათვალისწინებით.

სახალხო დამცველის მიერ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში სტერილიზაციის პროცედურის ჩასატარებლად, სავალდებულოა ქალის მეუღლის/პარტნიორის თანხმობა. წერილების მიხედვით, ამ წესის მიზანია მომავალში მეუღლის პროტესტის და ოჯახში კონფლიქტის თავიდან აცილება.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ ქალთა რეპროდუქციული უფლებები მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული, რაც მოიცავს მათ უფლებას, მათ შორის, დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შვილის ყოლის გადაწყვეტილება მთლიანად მიბმულია ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და, შესაბამისად, მხოლოდ ქალს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება სტერილიზაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა დიდი ზეგავლენა მოახდინოს მეუღლის/პარტნიორის უფლებებზე, გადაწყვეტილების მიმღები არის ქალი და დაუშვებელია მისი იძულება შეცვალოს გადაწყვეტილება.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მიუთითა, რომ ზრდასრულ ქალი თავად წყვეტს მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მისთვის დაწესებული ნებისმიერი ბარიერი არის დისკრიმინაციის წახალისება. სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მეუღლის/პარტნიორის თანხმობის მოთხოვნა ქალს სუსტ, სხვა პირზე დამოკიდებულ არსებად წარმოაჩენს, რომელსაც არ შეუძლია ან არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ სხეულთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა კი წარმოადგენს სტერეოტიპების გამყარებასა და დისკრიმინაციის წახალისებას, რომ ქალი კაცისადმი დაქვემდებარებული არსებაა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)