წინადადებები.

საქართველოს სახალხო დამცველი უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევს

2020 წლის 3 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა, რათა არ მოხდეს უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია.

საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, იგი არის „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი. ასევე, მონაწილეობდა უკრაინულ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და აქტიურ როლს ასრულებდა უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში.

2020 წლის 30 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ბრალად ედება სხვადასხვა დანაშაულების (კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოტიკული დანაშაულის) ჩადენა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით პრო-უკრაინულ განცხადებებს ავრცელებს. წინადადებაში მიმოხილული ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მოსაპოვებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)