წინადადებები.

საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის გაუმჯობესების მიზნით

2015 წლის 11 თებერვალს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველმა „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, „შრომის კოდექსში“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის თანახმად, სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო დავას სასამართლო განიხილავს. ვინაიდან, დისკრიმინაციასთან ბრძოლის ძირითადი ბერკეტები არის სახალხო დამცველისთვის და სასამართლოში სარჩელით მიმართვა, შესაძლებელია, ისე მოეწყოს, რომ სახალხო დამცველისა და სასამართლოს ფუნქციები არ ფარავდეს ერთმანეთს და მათი ერთობლივი თანაარსებობა, ურთიერთდახმარების გზით, ორიენტირებული იყოს დისკრიმინაციისგან ადამიანთა ეფექტურ დაცვაზე.

დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების ეფექტურად აღდგენისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობის მიზნით, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიჩნია, სასამართლოსთვის მიმართვის სამთვიანი ვადა ერთ წლამდე გაიზარდოს.

კანონის შესაბამისად, სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტზე გამო „მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება“. ადმინისტრაციული წარმოება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ნაწილია, რომელიც ფართო დისკრეციით და მიზანშეწონილობით სარგებლობს და ის სახალხო დამცველთან საქმის განხილვის ალტერნატიულად მექანიზმად არ შეიძლება განვიხილოთ.

კანონში არ არსებობს ერთგვარი იძულების მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირებისგან მოხდება საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალის, საბუთის, ახსნა-განმარტებისა და სხვა ინფორმაციის მიღება. შესაბამისად, მართებული იქნება კანონში ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რომლის შესაბამისადაც, თუ კერძო პირები ან საჯარო დაწესებულებები არ წარმოადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას, მაშინ საჩივარში/განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვლება.

კანონი არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ. შესაბამისად, კანონს უნდა დაემატოს მათი ვალდებულება დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საქმეებზე განიხილონ რეკომენდაცია და მათი განხილვის შედეგები აცნობონ სახალხო დამცველს.

ასევე, მიზანშეწონილი იქნება, სახალხო დამცველს მიეცეს შესაძლებლობა დისკრიმინაციის დავების განხილვის პროცესში გამოიყენოს „სასამართლოს მეგობრის“ მექანიზმი.

იხილეთ ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)