წამების პრევენციისათვის - 2007 წელი
წამებას, სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს აბსოლუტურად კრძალავს როგორც საერთაშორისო სამართალი, ისე საქართველოს კანონმდებლობა. მიუხედავად ამისა, იგი მაინც რჩება ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად, რომლის გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობს საქართველო.
სახალხო დამცველი წამების წინააღმდეგ ბრძოლას რამდენიმე გზით ახორციელებდა:
1) წამებასთან, სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან ან სასჯელთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო სრულყოფისთვის ხელშეწყობა, და 2) მონიტორინგის განხორციელება დახურული ტიპის ყველა ინსტიტუციაში.
წამების საკითხებთან დაკავშირებით აღსანიშნავია სახალხო დამცველის წვლილი წამების საწინააღმდეგო კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების პროცესში. საქართველომ მოახდინა როგორც გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის, ისე მისი ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. ოქმის რატიფიცირების საკითხი სწორედ სახალხო დამცველმა დააყენა საქართველოს პარლამენტში, რასაც შემდგომ სპეციალური სხდომა მიუძღვნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა. ოქმის რატიფიცირების წინააღმდეგი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მიზეზად მიუთითებდნენ, რომ ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჩამოყალიბება დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სახალხო დამცველმა განმარტა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს შეეძლო ეტვირთა ეს როლი (საწყის ეტაპზე მაინც), რადგან წარმატებით ახორციელებდა ოქმით გათვალისწინებულ მეტად მნიშვნელოვან მონიტორინგის ფუნქციას, შემდგომში კი, თუ ხელისუფლება გადაწყვეტდა, შეეძლო, პრევენციის ეროვნულ მექანიზმად სრულიად ახალი ორგანო შეექმნა. ამის შემდეგ, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ოქმის რატიფიცირების შესახებ.