თემატური ანგარიში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში
სახალხო დამცველის თემატური ანგარიში ასახავს და აფასებს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ამჟამინდელ მდგომარეობას.
2024 წელს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა შეისწავლა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კლინიკური და ინსტიტუციური ასპექტები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში. ანგარიში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით და საერთაშორისო ექსპერტის - სასამართლო ფსიქიატრის ჩართულობით მომზადდა.
ანგარიშის მიზნებისთვის, საერთაშორისო ექსპერტმა და საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პრევენციული ვიზიტები განახორციელეს N2 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში, ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბრალდებულები და მსჯავრდებულები, ასევე იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პირები იმყოფებიან.
თემატური ანგარიში აფასებს ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის შესაბამისი ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების შესაძლებლობებს და გამოკვეთს იმ გამოწვევებს, რომელიც ვლინდება ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების პროცესში.
ანგარიშს თან ერთვის როგორც კონკრეტული დაწესებულებებისთვის გამიზნული, ასევე სისტემური და მრავალკომპონენტიანი რეკომენდაციები.