სპეციალური ანგარიშები.

სპეციალური ანგარიში საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში დეტალურად არის შეფასებული საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის საფუძველზე, პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის დადგენილებით სახელმწიფო უწყებებისთვის მიცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.

სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში 360 რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების დაახლოებით 82% გაიზიარა და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად 333 დავალება გასცა.

დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის 30 რეკომენდაცია. ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტმა არ ასახა როგორც 2019 წლის, 2020 წლის, ასევე 2021 წლების დადგენილებებში თემატიკის მხრივ მსგავსია. კერძოდ, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის მიზანი იყო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე განათლების უზრუნველყოფა, სკოლის მოსწავლეთა რელიგიური ინდოქტრინაციისგან დაცვა და სხვა.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შედეგად შესრულებულად ფასდება გაცემული დავალებების 15.8%, ნაწილობრივ შესრულებულად 19.9%, ხოლო შეუსრულებლად 61.3%. უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტური საფუძვლით შეფასებას არ ექვემდებარება დავალებების 3%. სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა დადგენილებაში ასახა და იგი სახელმწიფო უწყებებისთვის შესასრულებლად სავალდებულო გახადა, მათი შესრულების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, იღებს დადგენილებას. აღნიშნული აქტით პარლამენტი აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად დავალებებს აძლევს სახელმწიფო უწყებებს. პარლამენტის მიერ დავალებების მიცემა საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ აქცევს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციას. ამ მიზნით უწყებების მიერ პარლამენტის დავალებების შესრულების მონიტორინგს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შეისწავლის პარლამენტის დადგენილებაში ასახული დავალებების ადრესატი ორგანოების მიერ აღნიშნული დავალებების შესრულებას და მართავს საკომიტეტო განხილვას, სახალხო დამცველისა და მისი რეკომენდაციების ადრესატი ორგანოების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზნით საკომიტეტო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში არ ჩატარებულა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)