სპეციალური ანგარიში „ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია კვლევა, რომელშიც ბავშვთა შრომის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო რეგულირებისა და პრაქტიკაში არსებული საჭიროებებია მიმოხილული. ანგარიშში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მომზადდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც კოვიდ 19-ის პანდემიამდე არსებული სიტუაციის ანალიზს, ისე პანდემიის ზეგავლენის ეფექტს; დოკუმენტში პასუხისმგებელი უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციებიც არის წარმოდგენილი. კვლევა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2020 წელს საქართველოს ოთხ რეგიონში ჩაატარა.
მსოფლიოში უამრავი ბავშვია ჩართული შრომის ისეთ ფორმებში, რომელიც მის ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასა და განათლების მიღების შესაძლებლობას აფერხებს. ბავშვთა შრომის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი სიღარიბეა, პანდემიამ კი სიღარიბის საკითხი კიდევ უფრო პრობლემური გახდა.
ბავშვთა შრომა და მათი დაცვა შრომის უკიდურესი ფორმებისგან საქართველოსთვისაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ევროკავშირის დირექტივის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აკრძალონ 15 წლამდე პირთა დასაქმება. დაშვებულია გამონაკლისები კულტურულ, მხატვრულ, სპორტულ ღონისძიებებსა და სარეკლამო საქმიანობასა თუ სხვა მსუბუქ საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. დირექტივა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ადგენს უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს არასრულწლოვანთა შრომის სფეროში, რაც სახელმწიფოებმა თავიანთი შიდა კანონმდებლობების ერთგვარ სახელმძღვანელო პრინციპადაც უნდა აქციონ.