სპეციალური საინფორმაციო ნარკვევი ადმინისტრაციულ საზღვარზე დაკავებებისა და პატიმართა მდგომარეობის შესახებ
სახალხო დამცველმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან მუდმივი დაკავებებისა და პატიმრობაში მყოფი პირების საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ნარკვევი გამოაქვეყნა. ნარკვევში ასახულია დაკავებულ პირთა სტატისტიკა და რეკომენდაციები, რომელიც საკითხის მოგვარების მიზნით ომბუდსმენის აპარატმა შეიმუშავა.
ერთი წლის წინ, სახალხო დამცველმა პირველად გააჟღერა შეწყალების გზით, პატიმართა ორივე მხარეს გათავისუფლების იდეა, რასაც დადებითი გამოხმაურება მოყვა არა მხოლოდ პატიმართა ოჯახის წევრებისაგან, არამედ კონფლიქტის ორივე მხარეს მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. წინ გადადგმული ნაბიჯი იყო 2012-2013 წლებში რამდენიმე ქართველი და ოსი პატიმარის გათავისუფლებაც, თუმცა დღეისთვის ეს პროცესი შეჩერებულია.
2014 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ე.წ სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე საქართველოს მოქალაქე 70 პირი იყო დაკავებული, ხოლო აფხაზეთის გამყოფ ხაზზე 107.
ცხინვალის ციხეში 3 ქართველი პატიმარი რჩება. საქართველოს ციხეში კი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები 11 პატიმარი იხდის სასჯელს, რომელთა გათავისუფლების შესახებაც სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. როგორც ოსი, ისე ქართველი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები რეგულარულად მიმართავენ სახალხო დამცველს და მოითხოვენ შეწყალებას და მხარეების ურთიერთშეთანხმებით, ორივე მხარის პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებას.