სპეციალური ანგარიში მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში
სპეციალურ ანგარიშში ასახულია საჩივრის/მოთხოვნის განხილვის პროცედურის და ამ პროცედურისადმი პატიმართა ნდობის ხარისხისა და დამოკიდებულების კვლევა, რაც საქართველოში პირველად განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, რომელიც სოციოლოგიურ და სამართლებრივ კომპონენტებს მოიცავს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 14 პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ შემუშავებული კითხვარების გამოყენებით პატიმრების გამოკითხვა ჩაატარა; შემდეგ კი საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში გააანალიზა, როგორც საჩივართა/მოთხოვნათა განხილვის პროცედურის და შიდა მონიტორინგის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა, ასევე მოთხოვნაზე/საჩივარზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეაგირების პრაქტიკა.
კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, თუ რამდენად იყო უზრუნველყოფილი მომჩივანთათვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, კონფიდენციალური და მიუკერძოებელი მოთხოვნის/საჩივრის განხილვის პროცედურები. აგრეთვე, მოსდევს თუ არა მოთხოვნებს/საჩივრებს დროული რეაგირება და რამდენად არის რეაგირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთხოვნის/საჩივრის წარსადგენად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები ზოგადად ხელმისაწვდომია, თუმცა დაბალია მოთხოვნის/საჩივრის შეტანის პროცედურის შესახებ პატიმართა ინფორმირებულობის დონე. პატიმართა მიერ შეტანილი მოთხოვნების/საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება განაჩენის გადასინჯვის, შეწყალების, სამედიცინო მომსახურების, ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის და არასათანადო მოპყრობის საკითხებს.
პატიმრების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ საჩივრის შეტანა არ არის სწორი საქციელი; ნაწილი ფიქრობს, რომ საჩივრის შეტანა მათ მიმართ ზეწოლას გამოიწვევს. (გამოკითხვამ აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში, საჩივრის შეტანისას მართლაც ჰქონდა ადგილი ზეწოლას); პატიმართა ნაწილს სამართლიანი რეაგირების მოლოდინი არ აქვს.
საჩივრის წარდგენისას ირღვევა კონფიდენციალურობის პრინციპი; ამასთან, არსებითი პრობლემებია მოთხოვნაზე/საჩივარზე დროული და ადეკვატური რეაგირების კუთხით. ხშირ შემთხვევაში არ ხდება საჩივარში მითითებული საკითხების სრულყოფილად შესწავლა და მიღებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული. არადამაკმაყოფილებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმიანობა.
ანგარიში შეიცავს სახალხო დამცველის არა–ერთ კონკრეტულ რეკომენდაციას ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
კვლევა განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საჩივართა/მოთხოვნათა განხილვის მექანიზმისა და შიდა მონიტორინგის გაძლიერება“ ფარგლებში.