სპეციალური ანგარიშები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა

წინამდებარე ანგარიშში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მდგომარეობა 2016 წლის მონაცემებით.

ანგარიშში ხაზგასმულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები. ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხი. ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.

არსებული ხარვეზებიდან აღსანიშნავია სოციალური მოდელის დანერგვის პროცესის შეფერხება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება კვლავ ინდივიდის სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე ხდება.

სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა. არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საჭირო სტატისტიკის წარმოება და ანალიზი. ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები ვერ ფარავს ამ პირთა, მათ შორის ბავშვების საჭიროებებს და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. გამოწვევაა ინკლუზიური განათლების სათანადოდ რეალიზა.

საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებს. რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა სახელმწიფო უწყებებს. მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტზე, რეკომენდაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინკლუზიური განათლების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილების შესახებ ზოგადი წინადადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)