შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა
წინამდებარე ანგარიშში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მდგომარეობა 2015 წლის მონაცემებით.
ანგარიშში ხაზგასმულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები. ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის სათანადო იმპლემენტაციის, ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხი წარმოადგენს. ფართოდ არის მიმოხილული შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს, სატრანსპორტო საშუალებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მისაწვდომობის საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რაც აღსრულებისა და ზედამხედველობის მექანიზმის არარსებობას უკავშირდება.
2015 წელს სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენდა სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების უგულებელყოფა. ისევე როგორც შშმ პირთა მიმართ სტიგმისა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების სიხშირე. სახალხო დამცველმა მოუწოდა ყველა პირს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან.
სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავაც სახელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ამ პირთა დასაქმების პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და პროგრამები, რაც ხელს უშლის მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინკლუზიას. ასევე პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება; მწვავეა შშმ პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი; ხარვეზებით ხორციელდებოდა ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი-გამოწვევად რჩება სწავლების ხარისხი და უწყვეტობა.