სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ეფექტური გამოძიების საკითხებზე - 2014 წელი
2014 წლის 4 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართეს ერთობლივი კონფერენცია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტური გამოძიების საკითხებზე. ღონისძიების ერთ–ერთი ძირითადი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა იყო.
საქართველოს სახალხო დამცველმა კონფერენციაზე წარმოადგინა სპეციალური ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2013 წლის განმავლობაში სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტებს, ეროვნულ კანონმდებლობას საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე ორგანოების შესახებ და ეფექტური გამოძიების საერთაშორისო სტანდარტებს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან ირკვევა, ძირითადად, არ ხდება მსგავსი შემთხვევების სწორი კვალიფიკაცია; ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტს იმავე უწყება იძიებს, რაც თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მიუკერძოებლობას. სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე სამინისტროებს, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისათვის გასატარებელი, მათ შორის, საკანონმდებლო ღონისძიებების შესახებ.