სასჯელაღსრულების #2 დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის მონიტორინგის შედეგებს.
ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ N2 დაწესებულებაში პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოყენებული ვიზუალური მეთვალყურეობის პრაქტიკა. განგაშის საფუძველს იძლევა საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული პატიმართა შორის ძალადობის 33 შემთხვევა, რაც ძალადობის რისკ ფაქტორების იდენტიფიცირების და ძალადობის პრევენციის პრობლემაზე მიუთითებს. საკანში არსებული პირობები ზოგადად დამაკმაყოფილებელია, თუმცა, დაწესებულების სავენტილაციო სისტემა ვერ უზრუნველყოფს სათანადო ხელოვნურ ვენტილაციას; ყველა პატიმარი არ არის უზრუნველყოფილი 4 კვადრატული მეტრის ფართით; არადამაკმაყოფილებელია სამარტოო საკნების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მონიტორინგის პერიოდში არ ხდებოდა დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება; დადებითად უნდა აღინიშნოს პატიმართა გამოკითხვა სარეაბილიტაციო აქტივობებთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, დაწესებულებაში არ არის დანერგილი მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობები.
მისასალმებელია ექთნების რაოდენობის ზრდა, თუმცა წინა წელთან შედარებით შემცირებულია ექიმების რაოდენობა, მონიტორინგისას ექიმის ერთი პოზიცია ვაკანტური იყო. ქალი პატიმრები სრულად ვერ სარგებლობენ გენდერულად სპეციფიკური სამედიცინო მომსახურებით. ვერ ხერხდება ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების დროული მიწოდება.
2014 წლის მონაცემებთან შედარებით 2015 წელს გაზრდილია დისციპლინური სახდელების გამოყენების პრაქტიკა. დისციპლინური სახდელების გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპების არარსებობა ხელს უშლის ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას; საგანგაშოა სამარტოო საკანში მოთავსების ფაქტების ზრდა, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევები. პრობლემას წარმოადგენს ხანმოკლე პაემნის განხორციელება მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით, აგრეთვე პატიმრის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ხშირ შემთხვევაში, პატიმრის ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლობა. დაწესებულებაში ვერ ხერხდება სატელეფონო ზარის განხორციელება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ; მიუხედავად ამისა, არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ხაზგასასმელია არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების სამედიცინო გამოვლენისა და სრულყოფილ დოკუმენტირების ხარვეზები.