სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა
2023 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) წარუდგინა ალტერნატიული (ჩრდილოვანი) ანგარიში - საქართველოს ხელისუფლების მიერ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის აღსრულების თაობაზე. ალტერნატიული ანგარიში კომიტეტში საქართველოს მიერ წარდგენილ მე-6 პერიოდულ ანგარიშს ეხმიანება და კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით, ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებს მიმოიხილავს.
სახალხო დამცველის ალტერნატიულ ანგარიშში განხილულია ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზები, მათ შორის, სქესობრივი დანაშაულების დეფინიციის შეუსაბამობა სტამბოლის კონვენციასთან, „ღირსების“ სახელით ჩადენილი ძალადობის/დანაშაულების დეფინიციის არარსებობა, ეკონომიკური ძალადობის არასათანადო რეგულირება და სხვა.
ალტერნატიულ ანგარიშში შეფასებულია ქალთა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ ქალების, ეთნიკური უმცირესობების წევრების, რეგიონებში და სოფლად მცხოვრები ქალების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა და საჭიროებები.
სახალხო დამცველმა CEDAW-ს მიაწოდა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, ალტერნატიულ ანგარიშში შეფასებულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული რეაქციული და პრევენციული ზომები და მსხვერპლი ქალებისათვის არსებული მხარდამჭერი სერვისები/მექანიზმები.
დამატებით, ალტერნატიულ ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობა, ფორმალური განათლების სისტემაში არასრულწლოვნებისათვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ კომპონენტის არასათანადო სწავლება, ქალთა ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა დედათა ჯანმრთელობა და ოჯახის დაგეგმვის სერვისები და სხვა.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი საქართველოს მიერ წარდგენილ ანგარიშს განიხილავს 84-ე სესიაზე, რომელიც მიმდინარე წლის 6 თებერვლიდან 24 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება. სესიის დასრულების შემდეგ კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებას, რომელშიც შეფასდება საქართველოში კონვენციის იმპლემენტაციის მდგომარეობა და გაიცემა კომიტეტის რეკომენდაციები.