სახალხო დამცველის ანგარიში N3 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შესახებ
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა N3 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლეს. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაწესებულებაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს იმ თანამშრომელთა თავდადება, რომლებსაც გარკვეული პერიოდი დაწესებულებიდან გაუსვლელად უწევთ ცხოვრება და მუშაობა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფონზე, დაწესებულებებში ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნების აკრძალვა კიდევ უფრო მძიმედ აისახა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებზე, რომელებსაც კანონმდებლობით ისედაც მეტად აქვთ შეზღუდული გარე სამყაროსთან ურთიერთობა. მათ შორის, არა აქვთ ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლება. წინა წლების მსგავსად, 2020 წელსაც არ შეცვლილა N3 დაწესებულებაში არსებული გარემო და რეჟიმი. პატიმრები კვლავ 23 საათს ატარებენ საკნებში ისე, რომ არ ხდება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა და რაიმე სახის სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელება.
დაწესებულებაში არსებული პატიმართა შედარებით მცირე კონტიგენტის მიუხედავად, ხშირია თვითდაზიანების, შიმშილობისა თუ თანამშრომელზე თავდასხმის შემთხვევები. ამასთანავე, N3 დაწესებულებიდან მაღალია პატიმართა მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში, საიდანაც სხვა დაწესებულებებთან შედარებით საშუალოდ ერთ პატიმარზე ყველაზე მეტი განცხადება შემოდის. 2020 წლის პირველ ნახევარში შემოსული განცხადებებიდან ორ შემთხვევაში, მსჯავრდებული მიუთითებდა ფიზიკურ ძალადობაზე, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ათ შემთხვევაში საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შეზღუდვების შემოღების გამო სამედიცინო მომსახურების მოცულობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა, კერძოდ, შეჩერდა ექიმ-სპეციალისტთა ვიზიტები და სამოქალაქო სექტორში გეგმიური სამედიცინო რეფერალის განხორციელება, რამაც შესაძლოა შეაფერხოს სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდება. დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების ნაწილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს. დაწესებულებაში ექიმ-სპეციალისტთა ვიზიტების შეზღუდვის დროიდან შეიზღუდა ფსიქიატრის ვიზიტებიც, შესაბამისად დაწესებულებაში შეჩერებულია სუიციდის პრევენციის პროგრამაც. დაწესებულებაში ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისების და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის ფონზე, ადმინისტრაცია ხშირად იყენებს იზოლაციის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება, სადაც არსებული პირობები კიდევ უფრო ამძიმებს პატიმართა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რაც პატიმრების მხრიდან დასჯად აღიქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი წლებია რაც პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსებას სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად აფასებს.
2020 წლის 12-13 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტის შედეგად მომზადებული ანგარიში 2020 წლის 5 ნოემბერს გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს და ეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების განხილვისა და შესრულების შესახებ. დასანანია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსს ამ დრომდე არ წარმოუდგენია თავისი პოზიცია ზემოთაღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.