სპეციალური ანგარიშები.

სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ

2020 წლის 3 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს პირველად წარუდგინა ალტერნატიული ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

ალტერნატიულ ანგარიშში შეფასებულია ე.წ. „ცინცაბაძის ჯგუფის“ და „იდენტობის ჯგუფის“ საქმეებში ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის დაკისრებული ზოგადი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობა, თუ რა ზომები განახორციელა სახელმწიფომ და/ან უნდა განახორციელოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით. დოკუმენტში ასევე მიმოხილულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქმეზე „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

ანგარიში ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები, წამების და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა/არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, დოკუმენტირება და გამოძიებისთვის შეტყობინება, მოსამართლის როლი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენის პროცესში, დაზარალებულთა ჩართულობა გამოძიების მიმდინარეობისას და ა.შ.

ალტერნატიულ ანგარიშში წარმოდგენილი საკითხების საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა ზემოაღნიშნულ საქმეებზე საერთაშორისო მექანიზმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულფასოვნად აღსრულების მიზნით, პარლამენტს მთავრობისადმი შემუშავებული რეკომენდაციები წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახით, საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, რასაც შემდგომ საქართველოს პარლამენტის კომიტეტი განიხილავს. ამასთანავე, დაინტერესებულ პირებს ალტერნატიული მოსაზრებებისა და შეფასებების საკომიტეტო განხილვაზე წარდგენის შესაძლებლობა აქვთ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)