საქართველოში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა
წინამდებარე ანგარიში საქართველოში მცხოვრები არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობის შესწავლის, საკვანძო საკითხების გამოკვეთის და სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პირველი მცდელობაა.
წინამდებარე კვლევა შეისწავლის კონტრაცეფციის, დედათა ჯანმრთელობის და საზიანო პრაქტიკების საკითხებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მიმართულებით სისტემურ გამოწვევებს და მათზე რეაგირების გადაუდებელ საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო უწყებები მხედველობაში მიიღებენ კვლევის შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებს და უზრუნველყოფენ ამ პრობლემური საკითხების კორექციისთვის საჭირო, ამავე ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებას.
კვლევამ აჩვენა, რომ რიგი სოციალურ-კულტურული ფაქტორები, უპირატესად კი, გენდერული ნორმები და სექსუალობასთან დაკავშირებული სტიგმა, ხშირად იწვევს არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დარღვევას. გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლევამ აჩვენა, რომ ინფორმაციის ნაკლებობა, რომელიც არაიშვიათად ენობრივი ბარიერის გამო არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ქალებს შორის უფრო მწვავედ არის გამოვლენილი, ასევე უდევს საფუძვლად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დარღვევას. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების სიმცირე, ხოლო არსებული პროგრამების გენდერულად არასენსიტიურობა, არაინკლუზიურობა, დაბალი ხარისხი და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების წვდომას საჭირო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად ანტენატალური სერვისების დაფინანსებისა, ორსული ქალებისთვის ფინანსურ ბარიერს წარმოქმნის ის გარემობა, რომ გართულებული ორსულობების დროს, სახელმწიფო არ აფინანსებს რიგ ნოზოლოგიებს. ეს, არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების თქმით, მათ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება.
ანგარიში მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.