სპეციალური ანგარიშები.

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიში

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში წარმოდგენილია სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული პრევენციული ვიზიტების შედეგები, წინა წლის რეკომენდაციების შესრულების შეფასებასთან ერთად და მიმოიხილავს პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში და შშმ პირთა საცხოვრისებში წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას.

გარდა ამისა, ანგარიშში მოცემულია სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი და შეფასებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის, როგორც წამების პრევენციის გლობალური სისტემის ნაწილის ამოცანაა - წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის რისკფაქტორების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიში მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოში დაკავების, თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესაფასებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)